ბერძნულად „კალი“ ლამაზს ნიშნავს, „გრაფია“ კი – წერას. თითქოს ყველაფერი მარტივადაა: კალიგრაფია ლამაზად წერა ყოფილა. მაგრამ ყველაფერი რთულდება, როცა ვიკითხავთ, თუ რა არის ლამაზი.
ლამაზი არის …
… მრგვალი ასოები? არა! კუთხოვანი ნუსხური და გოტიკური კალიგრაფიითაც ბევრჯერ მოვხიბლულვართ.
… გარკვევით, გასაგებად ნაწერი? ძველად შეიძლება კი, მაგრამ დღეს ნამდვილად არა! კალიგრაფიის ფუნქცია დიდი ხანია აღარ არის ვრცელი ტექსტების მარტივად საკითხავი ასოებით გადაწერა,
… თანაბარი ზომის ასოები? პროპორციების დაცვა? არა! გინახავთ გალაკტიონის ხელწერა? ყველა სიტყვას განსხვავებული ზომით, ხასიათითა და ემოციით წერს და ალბათ ესაა მისი ნაწერის მთავარი სილამაზეც.
… სუფთა წერა? არა! ეს საკმარისი არ არის, რომ ნაწერს კალიგრაფიული უწოდო.
„ლამაზი ნაწერი“ დღეს ისეთივე ბუნდოვანი, სადავო და შეიძლება სულაც უშინაარსო სიტყვებია, როგორიც „მშვენიერი მუსიკა“. ამიტომ, ამ არაფრისმთქმელი განმარტების ნაცვლად, გთავაზობთ იმ ნიშნებს, რომლითაც შეიძლება განვსაზღვროთ, რა არის და რა არ არის კალიგრაფია.
კალიგრაფია არის …
. . . შემოქმედება
კალიგრაფები ქმნიან. ასე იყო ადრეც, ასეა ახლაც. ქართული ანბანი რომ ასეთი ლამაზია, ესეც კალიგრაფების შემოქმედებაა. გადამწერები ყოველთვის, ყველა დროში ეძებდნენ და ქმნიდნენ ასოთა ახლებურ მოხაზულობებს, უფრო მარტივად მოსახაზს, უფრო მარტივად წასაკითხს, უფრო ლამაზს.
ამ მუდმივი შემოქმედების შედეგია ჩვენი სამსახოვანი დამწერლობაც. თავის დროზე სწორედ წიგნის გადამწერ კალიგრაფს მოუვიდა თავში აზრად, რომ წიგნი ასომთავრულისაგან განსხვავებული, კუთხოვანი და ოთხხაზოვან ბადეში განაწილებული ასოებით გადაეწერა და ასე გაჩნდა ნუსხური. შემდეგ კი ისევ კალიგრაფებმა მოიფიქრეს, რომ კუთხოვანი ფორმები შეერბილებინათ, დაემრგვალებინათ. ეს კალიგრაფები მხედრული დამწერლობის შემოქმედნი იყვნენ.
ბევრგან გაიგონებთ ან ამოიკითხავთ, რომ ქართული ანბანის განვითარება ევოლუციური პროცესია და ასოთა მოხაზულობები სწრაფი წერის შედეგად თანდათანობით შეიცვალა. თავისით შეიცვალაო… დაივიწყეთ! გადახედეთ შუა საუკუნეების ქართულ ხელნაწერებს და მიხვდებით, რომ თავისით არაფერიც არ ხდება! როგორ შეიძლება სწრაფი წერის შედეგად თავისით, გაუაზრებლად გაჩენილიყო სქელი და წვრილი ხაზების მხატვრული „თამაში“ ნუსხურ დამწერლობაში? როგორ შეიძლება თავისით, თანდათან ჩამოყალიბდეს თამარის ან ვახტანგ მეფის თხზულ-დაქსელილი ხელრთვა? ანდა როგორ შეიძლება ასო ანი თავისით აგოდლდეს და დონს ზემოდან მოექცეს? კარგად დააკვირდით ამ სილამაზეებს და მიხვდებით, რომ თავის დროზე ვიღაცამ კარგად გაიაზრა, იფიქრა და მოიფიქრა, როგორ უნდა დაწერილიყო ესა თუ ის ასო, სიტყვა, სათაური, სახელი… ქართული ანბანის ეს „დიზაინერები“ სწორედ კალიგრაფები არიან და მათი დამსახურებაა ჩვენი დამწერლობის ის სილამაზე, რითაც ვამაყობთ.
ასე რომ, თუ ვინმე ამის შემდეგ გკითხავთ, თუ ვინ შექმნა ასე ლამაზი ქართული ანბანი, ყველაზე ზუსტი პასუხი იქნება: კალიგრაფებმა! თანაც ერთხელ კი არ შექმნეს, მუდმივად ქმნიან.
დღესაც კალიგრაფიის უმთავრესი ნიშანი სიახლის მუდმივი ძიება, შემოქმედებითობაა. მხოლოდ ხაზების „სწორად“ და „ლამაზად“ მოსმა არაფერს ნიშნავს, თუ ამ მონასმებში ახალი, განსხვავებული, გამორჩეული და ინდივიდუალური არაფერია.
. . . და ისევ შემოქმედება
სოკრატესა და პლატონს ალბათ კალიგრაფები არ ეყვარებოდათ. ისინი თვლიდნენ, რომ დამწერლობის გამოგონებამ და სიბრძნის წიგნებად გადაწერამ ადამიანთა მეხსიერება შეასუსტა და გონება გააზარმაცა. სოკრატეს მართლაც არაფერი დაუწერია… აი პლატონი კი, მიუხედავად ყველაფრისა, ნამდვილად იაზრებდა, რომ მათი სიბრძნის უკვდავება დამწერლობასა და გადამწერებზე იყო დამოკიდებული. სოკრატეს ნააზრევის ამოკითხვაც პლატონის ნაშრომებიდან შეგვიძლია.
თუ შემოქმედების მთავარი დანიშნულება ხელოვნების უკვდავყოფაა, მაშინ კალიგრაფია ორმაგად შემოქმედებაა. კალიგრაფები არა მხოლოდ საკუთარ შემოქმედებას – დამწერლობას – ქმნიან, არამედ იმ ტექსტსაც უკვდავყოფენ, რასაც გადაწერენ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოკრატეც, პლატონიც, შოთაც და მთელი მსოფლიო ლიტერატურაც კალიგრაფების შემოქმედებაც არის.
. . . ხელოვნება
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კალიგრაფიის ხელოვნებად აღქმა ბევრს უჭირს. კალიგრაფიული ნამუშევრების დამთვალიერებლისგან კალიგრაფებს არაერთხელ მოგვისმენია: „იცით, მე ასე ლამაზად ვერ ვწერ“. ეს ერთი შეხედვით კომპლიმენტი სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ დამთვალიერებელმა ნამუშევრის უკან ხელოვანის შრომა ვერ დაინახა.
გადაიტანეთ ეს დიალოგი ხელოვნების სხვა დარგში და მიხვდებით, რომ ეს ასეა: წარმოიდგინეთ, რომ საოპერო წარმოდგენის შემდეგ მომღერალს მსმენელმა უთხრას: „იცით, მე ასე ლამაზად ვერ ვმღერი“. ეს ხომ ნამდვილად უჩვეულო და უადგილო „კომპლიმენტი“ იქნებოდა: სულაც არ სჭირდება დამატებითი ხაზგასმა იმას, რომ მუსიკალური განათლებისა და გამოცდილების არმქონე მსმენელი ვერ იმღერებს ისე, როგორც ოპერის მომღერალი, რომლის ყოველი მშვენიერი ნამღერი მრავალწლიენი შრომის შედეგია.
კალიგრაფიული ნაშრომის უკანაც ყოველთვის დგას გამოცდილი ხელოვანი, რომელმაც შემოქმედებითად იშრომა, რათა ეს ნამუშევარი შექმნილიყო. ნამუშევრის უკან კალიგრაფის მთელი გამოცდილება, არაერთი ცდა, აზრი და ემოცია დგას. თითოეული ასო, თითოეული მონასმი გააზრებულია. თუ დამთვალიერებელი ნამუშევარში ამ ყველაფერს ამოიკითხავს, იგი მიხვდება, რომ კალიგრაფია ტექსტის მხოლოდ მექანიკურად და სუფთად გადაწერა არაა. იგი მიხვდება, რომ კალიგრაფმა კალიგრაფია ტექსტის შინაარსს შეუსაბამა, შინაარსიდან მომდინარე ემოცია ნაწერის მხატვრულ იერში გამოხატა. სწორედ ეს არის ის, რაც კალიგრაფიას აქცევს ხელოვნებად: კალიგრაფი არ არის ლამაზად მწერალი მანქანა, იგი ერთნაირი ექსპრესიით არ გადაწერს შოთას სიბრძნესა და ბიბლიურ ჭეშმარიტებას, ილიას პუბლიცისტიკას და გალაკტიონის პოეზიას. კალიგრაფიული ნამუშევრიდან ტექსტის წაუკითხავადაც კი შეიძლება ამოიკითხოთ მთავარი სათქმელი: კალიგრაფისეული ინტერპრეტაცია ავტორისეული ემოციისა.
. . . ყველაზე საჭირო ხელოვნება
ხელოვნების საჭიროებაზე საუბარი ალბათ ისედაც ზედმეტია: ხელოვნება სულიერი მოთხოვნილებაა და ის ყოველთვის საჭიროა ადამიანისათვის. მაგრამ თუ მაინც ვინმე გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ ხელოვნების ღირებულებას არა მისი სულიერი, არამედ პრაქტიკული სარგებლიანობა განსაზღვრავს, მასაც თამამად შეგვიძლია ვუთხრათ, რომ კალიგრაფია ყველაზე საჭირო ხელოვნებაა.
თქვენ შეიძლება აღარც კი გახსოვთ, ბოლოს როდის დაწერეთ მთელი სამი წინადადება კალმით. დღეს თქვენთვის ალბათ კლავიატურა კალამზე გაცილებით მოსახერხებელია და შეიძლება რომელიმე სოციალურ ქსელში სრულიად გულწრფელად მისწეროთ თქვენს მეგობარს კომპიუტერული ფონტით აკრეფილი ტექსტი: „ოცდამეერთე საუკუნეში კალიგრაფები აღარ არიან საჭირო!“
ჰო, დღეს ნამდვილად აღარავის სჭირდება ხელით გადაწერილი სქელტანიანი მანუსკრიპტები. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: ფონტი, რომლითაც ის გულწრფელი სიტყვები აკრიფეთ, კომპიუტერში თავისით არ შეფრენილა. სანამ თქვენ ამ ფონტს გამოიყენებდით, მანამდე ვიღაცამ შრიფტის თითოეული ასო კალმით ან ფანქრით ცალ-ცალკე მოხაზა, შემდეგ კონტურები რამდენიმეჯერ შეასწორა, სხვადასხვა სიტყვაში და სხვადასხვა ზომით მოსინჯა, სანამ საუკეთესო მოხაზულობას არ შეარჩევდა და ბოლოს გააციფრულა.
თანამედროვე შრიფტის დიზაინერები ისეთივე კალიგრაფები არიან, როგორიც ათი საუკუნის წინ სკრიპტორიუმში მოღვაწე ბერები. ორივე მუდმივად ასოთა ახალ, უფრო მარტივ, უფრო ლამაზ, უფრო მოსახერხებელ მოხაზულობებს ეძებს და ქმნის იმისათვის, რომ ჩვენ კითხვისას თავი კომფორტულად ვიგრძნოთ. ორივე „ანბანის დიზაინერია“, მხოლოდ ხელსაწყოები შეიცვალა: ლერწმის კალამი გრაფიკულმა პროგრამებმა ჩაანაცვლა.
რამდენჯერ გაგქცევიათ თვალი სარეკლამო პლაკატისკენ, აბრისკენ, აფიშისკენ, წიგნის ყდისკენ, რომელიმე დაწესებულების ლოგოსკენ მხოლოდ იმიტომ, რომ წარწერა მოგეწონათ ან გეუცნაურათ… „ჩვეულებრივად“ რომ ყოფილიყო დაწერილი, ალბათ არც მიიქცევდა ყურადღებას. მაგრამ წარწერამ იმუშავა, კალიგრაფიამ გაამართლა!
ასე რომ, კალიგრაფები არა მხოლოდ ხელოვანები არიან, არამედ საჭირო ხელოვანებიც, თანაც ყველაზე საჭირო! თუ ეს შეფასება გადამეტებული გეჩვენებათ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თქვენს კომპიუტერში არცერთი ფონტი რომ არ გქონდეთ და მიხვდებით, რომ არც ისე სუბიექტური ვარ.
დავით მაისურაძე
15 ოქტომბერი, 2021
5 thoughts on “
რა არის კალიგრაფია
”საინტერესო და შთამბეჭდავი ამბავი კალიგრაფიისა.უნიჭიერესი დავით მსისურაძე ❤
კალიგრაფიული ხელოვნება ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის და ვინც მას ეზიარება,მაშინათვე იგძრძნობს მისი მადლის ძალას♥️ მადლობა,დავით!
ძალიან საინტერესო იყო, ძვირფასო მასწავლებელო
კალიგრაფია ძალიან კარგად არის ახსნილი თავისი ყველა დეტალით. მადლობა ნიჭიერ კალიგრაფს დავით მაისურაძეს.
I am truly thankful to the owner of this website who has shared
this wonderful paragraph at here.