11 და 12 მაისი, 2023.
ჰამბურგი, გერმანია

Beyond Visualising Language
„ენის ვიზუალიზაციის მიღმა“ – ამ სახელწოდებით ჰამბურგში, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გალერეა დაიხტორჰალენში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია და სახელოვნებო გამოფენა ერთდროულად. ორგანიზატორი ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერი კულტურის კვლევის ცენტრია. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჩემი სამი ნამუშევარი.
ვისაუბრე ქართული დამწერლობის მრავალფეროვნებაზე და მრავალსაუკუნოვან კალიგრაფიულ ტრადიციაზე. ადგილზე შევასრულე კალიგრაფიული ნამუშრვარი: გოეთეს ლექსის „Erlkönig“ ქართული თარგმანი, რასაც ფონად გასდევდა შუბერტის მუსიკა ამავე ლექსის მოტივებზე. ამ მხატვრული წარმოდგენის მიზანი იყო იმის გარკვევა, შესაძლებელია თუ არა დამთვალიერებლისთვის უცნობი და ნაკლებად კითხვადი დამწერლობით შესრულებული ნამუშევრიდან სიტყვებს მიღმა არსებული გრძნობის ამოკითხვა.
6 აპრილი, 2023.
თბილისი, კავკასიის უნივერსიტეტი

ქართული ენის დღეები კავკასიის უნივერსიტეტში
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის და კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორობით მოეწყო დავით მაისურაძისა და გიორგი სისაურის კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი.
10 და 11 დეკემბერი, თბილისი

„თბილისი – 900“
პირველი საერთაშორისო კალიგრაფიული გამოფენა-გაყიდვა „თბილისი საქართველოს დედაქალაქი – 900“. გამოფენა მიეძღვნა დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის დაბრუნების და დედაქალაქად ქცევის 900 წლის იუბილეს.
კალიგრაფები თბილისიდან, ბერლინიდან, სტამბოლიდან, კიევიდან და ერევნიდან გაერთიანდნენ გამოფენისთვის. წარმოდგენილი იყო ჩემი 7 ნამუშევარი.
2023 წლის 15 სექტემბრიდან.
საქართველოს პარლამენტი. თბილისი

მუდმივმოქმედი გამოფენა საქართველოს პარლამენტში
საგანგებოდ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი ექსპოზიციისათვის ძველი ქართული ხელნაწერის ათი მულაჟი კალიგრაფმა დავით მაისურაძემ შექმნა. მულაჟები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით დამზადდა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული ყველა ამ ხელნაწერის დედანი. მულაჟები ტყავის ყდით შემოსა რესტავრატორმა ინგა ბასილაძემ.
10 ივნისი, 2023.

„თერძი“
10 ივნისს „ელიას მოსილის სამკერვალო სახლში” გაიხსნა გამოფენა „თერძი“, კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. გიორგი სისაურმა, დავით მაისურაძემ და ანა გოქაძემ საგანგებოდ ამ პროექტისთვის შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევრები, რომელთა შინაარსიც დაკავშირებულია სამოსთან.
30 აპრილი, 2022. თბილისი

კალიგრაფები უკრაინისთვის
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო ომით დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჩემი 7 ნამუშევარი. გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა საქველმოქმედო ფონდში.
29 თებერვალი, 2020.
თბილისი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

რუსთაველი კალიგრაფების გამოფენა
2020 წლის 29 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსთაველ კალიგრაფთა გამოფენა გაიხსნა. ეს იყო გაერთიანება „რუსთაველი კალიგრაფების“ დაფუძნების დღეც.
მადლობა ჩვენს მეგობარ გიორგი ჩუბინიძეს!
2020 წელი, რუმინეთი

United by Calligraphy
რუმინულმა ასოციაციამ „თავისუფლება განათლების, კულტურისა და სპორტისათვის“ (Asociatia Liber la Educatie, Cultura si Sport) იზოლაციისა და შეზღუდვების პირობებში მსოფლიოს კალიგრაფები გააერთიანა და ვირტუალური გამოფენა მოაწყო! გამოფენაის მთავარი თემა ერთობა და სოლიდარობაა. საქართველოდან ორი კალიგრაფი, ჩემი და თეონა მაისურაძე და მე ვმონაწილეობთ.
25 ნოემბერი, 2015 წელი

„განსხვავებული ხაზები — საერთო გრძნობა“
2015 წლის 25 ნოემბერს, კაიროში, ძველი ქალაქის ისტორიულ შენობაში, „ბეით ეს-სუჰაიმის“ კულტურულ ცენტრში მოეწყო ქართველ და ეგვიპტელ კალიგრაფთა ერთობლივი გამოფენა. სულ წარმოდგენილი იყო 15 ეგვიპტელისა და 17 ქართველი კალიგრაფის ნამუშევრები; მათ შორის ჩემი 5 ნამუშევარი.
15 იანვარი, 2016.
კიოლნი, გერმანია

გამოფენა კიოლნის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
გერმანიაში, კიოლნის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში, ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქართველ სტუდენტთა გაერთიანება „აისის“ და მისი ხელმძღვანელის ნინო ბურდილაძის ინიციატივით, ქართველ კალიგრაფთა გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია თანამედროვე ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფების, უფრო ზუსტად კი რუსთაველი კალიგრაფების — დავით მაისურაძის, გიორგი გორგიაშვილის, ნიკა ღუნაშვილის, ვაჟა ერემეიშვილის ხელნაწერები.