გამარჯობა სამყარო, ჩვენ აქ ვართ!

კაცობრიობას არ აქვს უფრო დიდებული გამოგონება, ვიდრე დამწერლობაა. კაცობრიობის, როგორც ადამიანთა საზოგადოების ისტორია იმ წამიდან იწყება, როცა ადამიანს სათქმელი გაუჩნდა და მისი გამოხატვის საუკეთესო გზების ძიება დაიწყო. ამ ძიების გზაზე კი დამწერლობის იდეა არა უბრალოდ წინ გადადგმული ნაბიჯი ან ნახტომი, არამედ დიდი აფეთქება იყო, რომელმაც ადამიანი წარმავალ დროზე გამარჯვებულ ღვთაებრივ არსებად წარმოაჩინა: ადამიანმა დამწერლობით შეძლო, თავისი სიტყვა მომავალი თაობებისთვის დროში უსასრულოდ გაეხმიანებინა. „ნაწერი ჰგიეს უკუნისამდე“ – ამ გზით პიროვნული უკვდავებაც მიიღწევა და ერთიანი, შეკრული და კულტურული საზოგადოების შენებაც იწყება, რადგან ყოველი თაობა წინა თაობის წერილობითი მემკვიდრეობით საზრდოობს და ახალსაც ამატებს მომავალი თაობებისათვის. 

დამწერლობის ამ გადაუჭარბებლად დიდ მნიშვნელობას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ყველა დროში გრძნობდნენ; განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხალხთა კულტურულ, ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ერთობას უნდა ჩაყროდა საფუძველი. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ქართული საისტორიო წყაროები როგორც ქართული დამწერლობის, ისე ქართული სახელმწიფოს დაფუძნებას ერთსა და იმავე პირს, ფარნავაზ მეფეს უკავშირებს ქრისტეს შობამდე III საუკუნეში. თანამედროვე მეცნიერები ამ გადმოცემის ჭეშმარიტებას საკმაოდ კრიტიკულად უყურებენ, თუმცა შეუძლებელია, მასში ჭეშმარიტების მარცვალი არ იყოს: ჯერ კიდევ ტომებად დაქსაქსული საზოგადოების ერთ ერად შეკავშირება ადვილი საქმე არაა და ვინც ამას შეეჭიდება, აუცილებლად დაიწყებს ფიქრს მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალებებზე. ამ მხრივ კი ეროვნული დამწერლობა უპირობო ლიდერია: მასზე უკეთ ვერაფერი შეძლებს, საერთო ენაზე აამეტყველოს ხალხი და კულტურული იდეების მიმოცვლა დააჩქაროს საზოგადოებაში. ამიტომ, ქართული დამწერლობა თუ უშუალოდ ფარნავაზის მიერ არაა შექმნილი, ფარნავაზის დროებაში მისი შექმნის, გავრცელების თუ დამკვიდრების იდეა მაინც აუცილებლად გაჩნდებოდა. 

მაგრამ როდის განხორციელდა ეს იდეა რეალობაში, ჩვენ ზუსტად არ ვიცით. მეცნიერები ამ საკითხზე სრულიად ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს გვაწვდიან. XIX და XX საუკუნის პირველი ნახევრის მკვლევრები ქართული დამწერლობის შემოღებას ქრისტეს შობამდე ვარაუდობდნენ. თუმცა ბოლო დროის კვლევებმა ეს ვარაუდი ვერ დაადასტურა: დღეისათვის გამოვლენილ და უტყუარად დათარიღებული წარწერებიდან უძველესნი IV საუკუნეს განეკუთვნებიან. თანამედროვე მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული დამწერლობა ქრისტიანულ ეპოქაში უნდა შექმნილიყო, შესაძლოა II-III საუკუნეების მცირე ქართულ ქრისტიანულ თემში. 

ქართული დამწერლობის დაბადების თარიღის დაზუსტება საისტორიო მასალის საფუძველზე ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს უნდა მივანდოთ. მაგრამ დამწერლობის ისტორიისათვის მთავარი საისტორიო წყარო მაინც თავად დამწერლობაა: ასოთა მოხაზულობებმა, კალიგრაფიამ შეიძლება ასევე ძალიან ბევრი რამ გვითხრას შემქმნელისა და მისი მიზნების, ამოცანების, მსოფლმხედველობისა თუ მხატვრული ხედვის შესახებ. ამისათვის კი თვალი გადავავლოთ პირველი ქართული დამწერლობის – ასომთავრულის – ყველაზე ადრეულ სახეს:

ადრეული ასომთავრულისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, წესრიგი, კანონზომიერება და სიზუსტისკენ სწრაფვა რომ დავინახოთ. ყველა ასო თანაბარი სიმაღლისაა, ყველა ასო გეომეტრიული ფიგურებით – მართი კუთხეებით, წრეებითა და რკალებითაა აგებული. ასოთა ყველა ელემენტი მართი კუთხეებით უკავშირდება ერთმანეთს და თავად ასოც გეომეტრიული ფიგურაა. არსად ჩანს მრუდე და თავისუფალი მონასმები. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმდენად კანონზომიერია, რომ ასოთა იდეალური ფორმები ფარგლისა და სახაზავის გამოყენებით დაიწერება. 

რას შეიძლება ნიშნავდეს ასომთავრული დამწერლობის ასეთი მათემატიკური სიზუსტე? თუ თვალს გადავავლებთ ევროპულ, აფრიკულ და აზიურ დამწერლობებს, აღმოჩნდება, რომ ამ კუთხით ქართული უნიკალურია: ხაზები, წრეები, რკალები და სხვა გეომეტრიული ფიგურები, რა თქმა უნდა, სხვა დამწერლობებშიც გვხვდება, მაგრამ მათი მათემატიკური სიზუსტით შეკავშირების პრინციპის განუხრელად დაცვა ყველა ასოში არც ერთ სხვა დამწერლობას არ ახასიათებს. პრინციპის განუხრელი დაცვა კი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება შემთხვევითი. 

შემთხვევითი რომ ვერ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ასომთავრული დამწერლობა არის მისი შემქმნელის შემოქმედების ნაყოფი და არა სხვა დამწერლობის გარდაქმნით ან განვითარებით მიღებული სისტემა. სხვათა შორის, ქართული დამწერლობა ამ მხრივაც ერთ-ერთი გამორჩეულია. თითქმის ყველა ევროპული დამწერლობა – ლათინური, კირილიცა, გუთური, კოპტური – ბერძნული დამწერლობის ასოთა მოხაზულობების მსუბუქი გარდაქმნით, სტილიზაციით არის მიღებული. თავის მხრივ ბერძნული ასოების ფორმებიცა და სახელწოდებებიც ფინიკიური დამწერლობიდანაა ნასესხები. ფინიკიურიდანვე განვითარდა არამეული, არაბული, ებრაული და სირიული დამწერლობები. ყველა მათგანი ერთი საწყისი ფორმიდან ამოდის და ევოლუციური გზით, სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება.

ასეთ დამწერლობებში შეუძლებელია, გეომეტრიული კანონზომიერებების განუხრელად დაცვა, რადგან ევოლუცია სწრაფი წერის შედეგად თავისუფალ მონასმებსა და მრუდ ხაზებს წარმოშობს. ამიტომ ბერძნული, არაბული თუ სირიული კალიგრაფიის სილამაზე არაკანონზომიერ მრუდე ხაზთა კანონზომიერ ჰარმონიაში მოყვანით მიიღწევა და არა მკაცრი გეომეტრიული ფიგურების მათემატიკური სიზუსტით შეკავშირებით. ამდენად, ასომთავრულის ასეთი კანონზომიერი გეომეტრიული ხასიათი მისი შემქმნელის, ერთი ადამიანის განზრახული და განხორციელებული იდეაა. 

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ვინ იყო და როდის ცხოვრობდა ეს ადამიანი, ასომთავრულის შემქმნელი, მაგრამ შეგვიძლია მისივე შემოქმედება ავამეტყველოთ. ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმაზე, რომ იგი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, დიდი პოლიტიკური მიზნების მქონე პიროვნება იქნებოდა. იგი არა მხოლოდ ქართული დამწერლობის, არამედ საზოგადოდ ქართული ლიტერატურის, მწიგრობრობის შემოქმედია. ქართული დამწერლობის შექმნა ნიშნავს ქართველი ერის სიტყვას მსოფლიოს წინაშე: „გამარჯობა, მსოფლიო!“ მსოფლიო კულტურას ამიერიდან ქართულ ენაზე გაჟღერებული სიტყვიერი მემკვიდრეობაც ემატება და ეს ნიშნავს კიდეც მსოფლიო ისტორიაში ქართველი ერის დაბადებას. გარდა მსოფლიოსთვის გამარჯობის თქმისა, ქართველი ერის პირველ სიტყვას – დამწერლობას – უნდა ეთქვა ისიც, თუ ვინ ვართ, სად ვართ და რა გვინდა. ეს განაცხადი კი ქართული სიტყვისა და მწიგნობრობის შემქმნელის გონებაში დაბადებული გეომეტრიული ასომთავრულიდან საკმაოდ მკაფიოდ იკითხება. 

უპირველესად ის ფაქტი, რომ ქართული ასოების ფორმები რომელიმე სხვა დამწერლობის მოხაზულობებს კი არ იმეორებს, არამედ შემქმნელის გონების პროდუქტია, თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის აშკარა გამოხატულებაა. იმ ეპოქაში, როცა ქართული დამწერლობის შექმნა სავარაუდოდ მოიაზრება, ქართლი ორი დიდი კულტურის მეზობელია: აღმოსავლეთ რომის იმპერიისა და სპარსეთისა. ორივე იმპერია სამწიგნობრო კულტურას წარმოადგენს, ერთგან ლათინური და ბერძნული დამწერლობაა გაბატონებული, მეორეგან კი არამეული და ფალაური დამწერლობის ნაირსახეობები. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არაერთი ბერძნული და არამეული წარწერა იმის ნათელი დასტურია, რომ ქართველი ერისთვის ეს დამწერლობები უცხო არ ყოფილა. ქართლისა და კოლხეთის სამეფოები არა მხოლოდ კულტურულად, არამედ პოლიტიკურადაც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ამ ორ იმპერიასთან და ხან ერთის გავლენის ქვეშ ექცეოდნენ, ხან კი მეორის. ამ ფონზე იქმნება ქართველი ერის აზრის გამოხატვის ყველაზე მძლავრი საშუალება – ქართული დამწერლობა – რომელიც არც ბიზანტიურ, არც სპარსულ ასოთა ფორმებს არ სესხულობს და სრულიად ახალ მოხაზულობებს იგონებს. იმ ეპოქაში ეს, შეუძლებელია, არ ყოფილიყო კულტურული თვითმყოფადობის პოლიტიკური განაცხადი. 

და მიუხედავად ამისა, ასომთავრულ დამწერლობაში მაინც უფრო მეტად იგრძნობა დასავლეთისკენ, ბიზანტიისკენ, ქრისტიანობისკენ მიდრეკილება, ვიდრე აღმოსავლეთისკენ. რთული არაა შევნიშნოთ, რომ რისტეს ინიციალი ასო ანი ასომთავრულში არც მეტი, არც ნაკლები, ქრისტიანული ჯვრის ფორმითაა გადმოცემული. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ასო ანი, რომელიც სიტყვა „ვრის“ საწყისი ასოცაა, ესო რისტეს ინიციალების ინისა და ქანის ჯვარედინი გადაკვეთის შედეგადაა მიღებული და ქრისტეს მონოგრამას წარმოადგენს.

undefined
ი, ქ, ჯ

რთულია, ეს დამთხვევები შემთხვევითობად მიიჩნიო. გარდა ამისა, მართალია, ასოთა მოხაზულობები თვითმყოფადია, მაგრამ ქართული ანბანის წყობა ბერძნულ ასოთა რიგს თითქმის უცვლელად იმეორებს. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ერთი და იმავე ბგერის გადმომცემ ქართულ და ბერძნულ ასოებს აბსოლუტურად იდენტური რიცხვითი მნიშვნელობები აქვს: ქართული ႲႩႤ (ტკე) და ბერძნული და ბერძნული TKE ორივე 325-ს ნიშნავს. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ასეთი განზრახული დამთხვევა ბერძნული ტექსტების ქართულად თარგმნის გამარტივებას უნდა ემსახურებოდეს. ბერძნულ სახელთა მარტივი ტრანსლიტერაციისთვის უნდა იყოს ქართულ ანბანში შემოღებული ის ასოები, რომელთა შესატყვისი ბგერები ბერძნულისთვის ნაცნობი, ხოლო ქართულისთვის უცხოა: ჱ, ჳ, ჵ. ბერძნულის გავლენაა ისიც, რომ ასომთავრულში უ ბგერა, ბერძნულის მსგავსად, ორი ასოთი ჩაიწერება: ႭჃ. ეს ყველაფერი ერის თვითმყოფადობის მისწრაფებას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ აზუსტებს ქართველთა კულტურულ, რელიგიურ თუ პოლიტიკურ იდენტობას, ქართული მწიგნობრობის შემოქმედის გზავნილი უფრო ცხადი ხდება: ქართული კულტურა და სახელმწიფო არის თვითმყოფადი და ამავე დროს ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილი; ჩვენ ვაპირებთ ვთარგმნოთ და მივიღოთ ქრისტიანული ლიტერატურა და შევინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობაც. ეს გზავნილი მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა თავის ანდერძში სხვა სიტყვებით გაიმეორა: „ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა“.

ასოთა მოხაზულობებად რომ გეომეტრიული ფიგურები შეარჩია ასომთავრულის შემოქმედმა, ესეც, რა თქმა უნდა, მის მიზნებზე, მსოფლმხედველობაზე უნდა მეტყველებდეს. შემოქმედი სრულყოფილ ფორმებს ეძებს. ასომთავრულის შემოქმედისთვის კი სრულყოფილება მათემატიკური სიზუსტეა. აზრი, რომ იდეალური სამყარო მათემატიკური ფორმულებით აღიწერება, რომ ყველა საზრისი გეომეტრიულ ფორმებსა და რიცხვებშია, ახალი არაა და სწორედ იმ პერიოდში, როცა ქართული დამწერლობის შექმნა უნდა მოვიაზროთ, საკმაოდ გავრცელებული იყო ნეოპითაგორელებისა და ნეოპლატონისტების ფილოსოფიაში. მართლაც, სიზუსტე, სრულყოფილება და იდეალურობა ნამდვილად კავშირში უნდა იყოს ერთმანეთთან. ამიტომ ქართული დამწელობის შემქმნელი ცდილობს დამწერლობის იდეას ჩაწვდეს, მისი სრულყოფილი და აბსოლუტურად ზუსტი ვერსია განახორციელოს. მათემატიკა კი მისთვის ამ მიზნისკენ მიმავალი გზაა. მართლაც სრულყოფილია თუ არა ასომთავრული, ამაზე დავა შეიძლება, მაგრამ სრულყოფილების ძიება, სწრაფვა კი მის ავტორს ნამდვილად ახასიათებს. ეს თვისება, თავისთავად, კალიგრაფის თვისებაა: მისთვის დამწერლობა უბრალოდ ბგერების აღმნიშვნელი რაღაც ხაზები კი არაა, არამედ იდეალური, სრულყოფილი, ლამაზი, მშვენიერი ხაზები. ამდენად, ქართული დამწერლობა შექმნიდანვე სრულყოფილებისა და მშვენიერებისკენ სწრაფვითაა დეტერმინირებული და ქართველი კალიგრაფებიც ამ მისწრაფებისთვის არიან განწირულები. 

ქრისტიანობის ადრეულ საუკუნეებში, როცა აღმოსავლეთი ევროპის ახლად გაქრისტიანებულმა ერებმა – გუთებმა, კოპტებმა, სომხებმა, კავკასიელმა ალბანელებმა, სლავებმა – ღვთის სიტყვის საქადაგებლად ეროვნული დამწერლობები შექმნეს და მშობლიურ ენაზე მწიგნობრობა წამოიწყეს, ყველა მათგანმა თავისებური გზა აირჩია. ყველა მათგანისთვის დამწერლობის შექმნას, ქრისტიანობის ქადაგების მიზნის გარდა, თავისებური გზავნილი ახლდა: მაგალითად, ბერძნების მიერ მანამდე ბარბაროსებად მიჩნეული გუთებისთვის ეს ბიზანტიურ კულტურულ სამყაროში შებიჯებას ნიშნავდა, ეგვიპტელთა შთამომავალი კოპტებისთვის – ეროვნულ წარმართობაზე უარს და ახალი, უცხო რელიგიის მიღებას… ქართული დამწერლობის მთავარი გზავნილი კი ესაა: „გამარჯობა მსოფლიო, ჩვენ აქ ვართ, ქართველები, ჩვენი თვითმყოფადი კულტურის მქონე დამოუკიდებელი ერი, ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც სრულყოფილებას, სიზუსტეს, მშვენიერებას ეძებს.“ 

დავით მაისურაძე

2022, რუსთავი