DM Merab Kostava

კალიგრაფმა დავით მაისურაძემ და „ჯეპრამ“ საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, პოეტის და საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას შრიფტი შექმნეს.

შრიფტის გადმოწერა ჩვენი საიტიდანაც არის შესაძლებელი. აქვე შეგიძლიათ სცადოთ სასურველი ტექსტის აკრეფა:

DM Merab Kostava

აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყშჩცძწჭხჯჰ 1234567890
თუ კალიგრაფმა ჯღაბნაც უწყის, ჭერქვეშ მოიპატიჟე, აზრი ჰკითხე და ჩაეძიე!

2021 წლის 26 მაისს მერაბ კოსტავას დაბადებიდან 82 წელი შესრულდა. 26 მაისს აღინიშნება ასევე პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე.

მერაბ კოსტავას სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობის დიდი იდეა, რომელმაც მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა. 

მერაბ კოსტავას შრიფტის შესაქმნელად ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნულ არქივში დაცული მისი ხელნაწერი ლექსები აღმოჩნდა, სწორედ ამ ხელნაწერის მიხედვით შექმნა დავით მაისურაძემ შრიფტი, რომელიც ნათლად გამოხატავს მერაბის პოეტურ ბუნებას.

„ხელნაწერის მიხედვით აღდგენილი შრიფტის უკან ყოველთვის პიროვნება დგას თავისი ბიოგრაფიითა და ხასიათით. თუ ეს ბმა პიროვნებასა და შრიფტს შორის გაწყდა, მივიღებთ ერთ ჩვეულებრივ, უშინაარსო შრიფტს. მერაბ კოსტავას ხელნაწერი შრიფტი ძალიან ორიგინალური, ყველა სხვა შრიფტისაგან გამორჩეული, ნათელი და მკაფიო გამოვიდა. პირველი, რაც ამ შრიფტის შეხედვისას მომდის თავში, არის ის, რომ ეს ხელნაწერი მუსიკალური, პოეტური და შეიძლება ოდნავ ბავშვურიც არის. ეს ყველაფერი – მუსიკალურობაც, ბავშვური სისუფთავეც და სიცხადეც – ვფიქრობ, ზუსტად ახასიათებს მის პიროვნებასაც.“-განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.

„ჯეპრას“ და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ეს უკვე მეოთხე შრიფტი იქნება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის და იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები, სულ ცოტა ხნის წინ კი შეიქმნა ზვიად გამსახურდიას შრიფტი.

„დიდი სიხარულით წარვადგენთ ამჯერად მერაბ კოსტავას შრიფტს. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. ჩვენი იდეა შევქმნათ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერი შრიფტების ერთგვარი გალერეა ნელ-ნელა ფრთებს ისხამს.“ – განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროგრამების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.

მერაბ კოსტავას ხელნაწერების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ არქივსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებას.