დავით მაისურაძე, კალიგრაფი

ჩემი კალიგრაფიული შემოქმედება სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ხელით წერა, კალიგრაფიის სწავლება და ტიპოგრაფია.

ხელით წერა – ტექსტის ინტერპრეტაცია

დამწერლობა კაცობრიობის ყველაზე დიდი გამოგონებაა. სიტყვის ჩაწერა და უკვდავყოფა მის გარეშე არ არსებობს! კალიგრაფია კი სიტყვის უკვდავყოფას ხელოვნებად აქცევს: სიტყვის ჩაწერა და საუკუნოდ შენახვა საკმარისი არაა, ნაწერი ლამაზიც უნდა იყოს!

მაგრამ ქართველი კალიგრაფები არც სიტყვის ლამაზად უკვდავყოფით დაკმაყოფილდნენ. მათ ქართული კალიგრაფიის ადრეულ ეტაპზევე დასვეს საკითხი: შეიძლება, სრულიად სხვადასხვა შინაარსის ტექსტები ერთი და იმავე კალიგრაფიით იწერებოდეს? „რა თქმა უნდა! ასე ხომ უფრო მარტივია!“ – ეს იქნებოდა პრაგმატული ადამიანის პასუხი. მაგრამ კალიგრაფები ხელოვანები არიან და მათ განსხვავებული პასუხი გასცეს ამ საკითხს: თუ გეომეტრიული სიზუსტის ასომთავრული ძალიან უხდება მონუმენტურ სამშენებლო წარწერებს, სასულიერო შინაარსის ვრცელ ტექსტებს მკაცრი, კუთხოვანი და მწყობრი ნუსხური უფრო შეესაბამება, საერო ლიტერატურის სულისკვეთება კი მსუბუქი და თავისუფალი მხედრულით უკეთ გადმოიცემა.

ქართველ კალიგრაფთა ეს მიგნება, რომ სხვადასხვა შინაარსის ტექსტს სხვადასხვაგვარი ხასიათი აქვს და სხვადასხვაგვარ კალიგრაფიას ითხოვს, XXI საუკუნეში, როცა ხელით წერის ხელოვნება პრაგმატული მიზნებისგან სრულად გათავისუფლებულია, უფრო შორს შეიძლება წავიდეს: შეიძლება, ერთნაირი გამომსახველობით გადაიწეროს რუსთაველის სიბრძნე და ბიბლიური ჭეშმარიტება, ილიას პუბლიცისტიკა, გალაკტიონისა და ბარათაშვილის პოეზია? ყველა ტექსტი განსხვავებულ გრძნობებს აღძრავს მკითხველში. ჩემი, როგორც კალიგრაფის, ამოცანა კი არის ამ გრძნობების მონასმებში გამოხატვა და ტექსტის ინტერპრეტაცია კალიგრაფიით. ყოველი ტექსტის განსხვავებული გრძნობით გადმოცემა სიახლის მუდმივ ძიებას ითხოვს, რაც ყველაზე ტრადიციული მახასიათებელია ქართული კალიგრაფიისა.

კალიგრაფიის სწავლება

კალიგრაფიის სწავლებას რუსთავში 2010 წლიდან ვხელმძღვანელობ. კალიგრაფიის სწავლებაც შემოქმედებითი პროცესია, რაც გულისხმობს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, დაინტერესებას და მათი უნარების განვითარებას. ამ მიზნით ჩემს ოჯახთან ერთად ვსაქმიანობ. 2011 წელს დავაარსეთ ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე ზრდასრული პირებისთვის. ქვემო ქართლის ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან საზოგადოებაში ჩვენს კონკურსს, შემეცნებითის გარდა, ახალგაზრდების დამეგობრებისა და დაახლოების მიზანიც აქვს. რუსთაველი და ქვემო ქართლელი კალიგრაფებისთვის ვაწყობთ პერიოდულ გამოფენებს.

ტიპოგრაფია

ხელოვნების საჭიროებაზე საუბარი ზედმეტია: ხელოვნება სულიერი მოთხოვნილებაა და ის ყოველთვის საჭიროა ადამიანისათვის. მაგრამ თუ მაინც ვინმე გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ ხელოვნების ღირებულებას არა მისი სულიერი, არამედ პრაქტიკული სარგებლიანობა განსაზღვრავს, მასაც თამამად შეგვიძლია ვუთხრათ, რომ კალიგრაფია ყველაზე საჭირო ხელოვნებაა.

თანამედროვე შრიფტის დიზაინერები ისევე არიან კალიგრაფები, როგორიც ათი საუკუნის წინ სკრიპტორიუმში მოღვაწე ბერები. ორივე მუდმივად ასოთა ახალ, უფრო მარტივ, უფრო ლამაზ, უფრო მოსახერხებელ მოხაზულობებს ეძებს და ქმნის. მხოლოდ ხელსაწყოები შეიცვალა: ლერწმის კალამი გრაფიკულმა პროგრამებმა ჩაანაცვლა.

ასე რომ, კალიგრაფია ყველაზე საჭირო ხელოვნებაა. თუ ეს შეფასება გადამეტებული გეჩვენებათ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თქვენს კომპიუტერში არცერთი შრიფტი რომ არ გქონდეთ და მიხვდებით, რომ არც ისე სუბიექტური ვარ. J

  • Artworks
  • Videos
  • Artworks

    Videos