საზედაო წერტილი
დავით მაისურაძე
„საზედაო წერტილი“ არის კალიგრაფიული ნამუშევრების მიმდინარე სერია, რომელიც ქართული ხელნაწერი წიგნის ფორმას, ენასა და ვიზუალურ ნიშნებს თანამედროვე ნამუშევრებში იყენებს.
სერიის ნამუშევრები ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმით ეხება ტექსტს, წიგნს, ავტორობას, ხედვას, პერსპექტივასა და იერარქიის შებრუნებას, განმარტებასა და იმას, რაც მათ შორის, მათ მიღმა ან მათი გაქრობის შემდეგ რჩება. აქ ძველი ფორმები ყოველთვის ძველს არ ნიშნავს, ტექსტი ყოველთვის არ ხსნის, განმარტება ყოველთვის არ განმარტავს, ხოლო დასაწყისი ყოველთვის არ არის დასაწყისი.
სერია ჯერ არ დასრულებულა. იგი კვლავ ივსება და საბოლოო წერტილი მომავალში დაისმება.
ნამუშევრები სერიაში
ყველაფერი & არაფერი
ქაღალდი, ტუში, ოქრომელანი. 2026. კერძო კოლექცია
„არაფერი“ და „ყველაფერი“ ერთმანეთის ტყუპი ნამუშევრებია. ისინი წარმოადგენენ ფრაგმენტს სერიიდან „საზედაო წერტილი“. ორივე მათგანი ხელნაწერი წიგნის გვერდის სახეს იმეორებს: ერთში ტექსტისთვის განკუთვნილი სივრცე სრულიად ცარიელია, მეორეში კი იგი შავი მელნით არის გადაშლილი. ტექსტი არც ერთ მათგანში არ იკითხება, თუმცა მისი არარსებობა სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი.
გვერდების აშიებზე სხვადასხვა ხელწერით შესრულებული მინაწერები ამ სიცარიელეს კომენტარებით ავსებს. შეიძლება, რომ არაფერს ჰქონდეს კომენტარი? შეიძლება, რომ კომენტარმა დაგანახოს ფარული საგანი, არსი? და რა ხდება, როცა მარგინალია ცენტრად იქცევა? ეს კითხვები ნამუშევრის შთაგონებაა.
თუმცა ნამუშევრები ამ კითხვებზე პირდაპირ პასუხებს არ იძლევა. ისინი უბრალოდ გვთავაზობენ ცარიელ სივრცეს — ადგილს ტექსტის არ ან აღარყოფნისთვის და იმ ხმებისთვის, რომლებსაც ეს სიცარიელე ბადებს.
ყველაფერი იკითხება, გარდა მთავარისა.
წვდომა შეზღუდულია უმაღლესი განკარგულებით.
ეს იყო ყველაზე ლამაზი რამ, რაც კი ოდესმე წამიკითხავს…
არ დაუჯეროთ, აქ მხოლოდ სიცრუე ეწერა!
მესამე სტრიქონი მთლიანად დაზიანებულია. აღდგენა შეუძლებელია.
რატომ?
განადგურდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით.
აქ არაფერია დაკარგული, ყველაფერი ახლა იბადება.
ეს სივრცე სარკეა, რომელიც არაფერს ირეკლავს.
ეს ჩვენი მტრების ხელწერაა.
ეს ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს საუკუნოვან ღირებულებებს!
შენიშვნა: ინფორმაცია წაშლილია თავად ავტორის მიერ.
აქ დამთავრდა ის, რაც არც კი დაწყებულა.
საერთოდ უნდა აიკრძალოს ასეთი რაღაცები.
რატომ დამალეს? ვისი შეეშინდათ?
სიტყვა, რომელიც აქ ეწერა, ძველ ქართულში ნათელსაც ნიშნავდა და წყვდიადსაც.
აქ დაფარული კოდია. ჩვენს წინააღმდეგ რაღაცას გეგმავენ.
მოცემული მონაკვეთი არ ექვემდებარება საჯარო კითხვას.
აქ ვიპოვე ის, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.
ყოველ წაკითხვაზე სხვადასხვა სიტყვას ვხედავ.
ეს მონაკვეთი ერესად იქნა მიჩნეული.
ვინც ამას იცავს, თავადაც მოღალატეა.
ამის წარმოთქმა კაცთა ენით შეუძლებელია.
მადლობა ღმერთს, ეს სიტყვები ვეღარავის ავნებს.
მათ უკეთ უწყიან, რა უნდა ეწეროს და რა — არა.
აქ ავტორი ეწინააღმდეგება საკუთარ თავს.
წაიკითხე, სანამ გვიან არ არის!
წაშლა შენარჩუნების ერთადერთი გზაა.
რატომ მაინცდამაინც ახლა? ვის აწყობს ეს?
აქ ოდესღაც მისი სახელი ეწერა.
ვინც ამას ხმამაღლა წაიკითხავს, პასუხს თავად აგებს.
აქ რაღაც აკლია…
ზედმეტი კითხვები ვნებს სიმშვიდეს.
ვინც წაიკითხა, დადუმდა. ვინც ვერ წაიკითხა, ამაოდ ქადაგებს.
დაიმახსოვრეთ ეს ადგილი.
რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო გასაგები ხდება.
საშიშია!
ჩვენ მაინც ვიცით, რაც ეწერა.
ფრთხილად, ეს სიცარიელე უკვე შენ გიყურებს.
აქ ყველაფერია ნათქვამი.
აქ არ იწყებიან ლექსიკონი ქართული
ქაღალდი, ტუში, აკვარელი, მუყაო, ქსოვილი. 2026. კერძო კოლექცია
1730 წელს კალიგრაფმა ალექსიმ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის ხელნაწერის (S 4748, ფოლიო 8r) პირველივე გვერდი უტყუარი განცხადებით დაიწყო: „აქა იწყებიან ლექსიკონი ქართული“. მაგრამ რა ხდება, როცა ტექსტი საკუთარ საწყისს უარყოფს?
თქვენ წინაშეა თანამედროვე ნამუშევარი, ხელით გადაწერილი ქართულ ენაზე და წარმოდგენილი ხელნაწერი ლექსიკონის ფორმით. მისი იერსახე ქართული ხელნაწერი წიგნის ტრადიციების გამოძახილია, ხოლო ტექსტი მთლიანად თანამედროვე საავტორო ნამუშევარია.
ნამუშევარი არის ფრაგმენტი სერიიდან „საზედაო წერტილი“ და შეგნებულად გაურბის დასაწყისს: წიგნი გადაშლილია სადღაც შუაგულში, ქართულ ასოებს „ი-სა“ და „კ-ს“ შორის. სათაური „აქ არ იწყებიან ლექსიკონი ქართული“ ეხმიანება სულხან-საბას ლექსიკონის საწყის ფორმულას.
განმარტებები ჩვეულებრივი სალექსიკონო დეფინიციები არ არის. ისინი ბაძავს ლექსიკონის ავტორიტეტული წერილობითი ფორმების ენას, მაგრამ მნიშვნელობებს ცვლის, ერთმანეთს უპირისპირებს ან შეგნებულად გაურკვეველს ტოვებს. ტექსტის არქაული ენა განზრახ ეხმიანება მეთვრამეტე საუკუნის ქართულ წერილობით სტილს, თუმცა განმარტებული საგნები და ასოციაციები მეტწილად დღევანდელობას ეკუთვნის. ზოგი სიტყვა და მინიშნება უშუალოდ ქართულ ენასა და კალიგრაფიის კულტურას უკავშირდება და ამიტომ თარგმანში შესაძლოა სრულად არ გამოჩნდეს მათი ასოციაციები. ზოგი განმარტება შეიძლება ხუმრობად იკითხებოდეს, ზოგი — უფრო სერიოზულად. ისინი ერთ ჭეშმარიტ ინტერპრეტაციამდე მისვლას არ ისახავს მიზნად.
[მარცხენა გვერდი]
იყო: იგი, რაჲცა არღა არს.
ისტორია: სარკე წარსულისა მშუენიერითა ჩარჩოჲთა, რომელი სწორად უპყრიათ ჭკუიანთა კაცთა, რაჲთა მართითა მზერითა ვიხილოთ ყოველი, რაჲცა იყო ანუ იქმნებოდა, ანუ იწერებოდა, ანუ იხატებოდა. რამეთუ უთქვამთ ზოგთა, იმან დაწერა, ამან დახატა ანუ მე თვით დავწერეო და სახელებითა ამაყთა კაცთა შეურყვნიათ მატიანჱ. აწ შენცა, კეთილო მკითხველო, მდაბლად ისწავე, რამეთუ უმეცრებაჲ არს: წერდა, ხატავდა, არამედ სწორად ასრე ითქუმის: იწერებოდა, იხატებოდა, იბადებოდა, იქმნებოდა და მრავალნი ამდაგვარადვე.
(მინიატიურა: იწერებოდა, იხატებოდა, იქმნებოდა, იკინძებოდა, იბადებოდა, იჯღაბნებოდა, შენდებოდა, მშვენდებოდა, იმოსებოდა, იზომებოდა.)
ინახება: ანუ აწ კეთილად შემოზღუდულ არს ზღუდითა, რაითა დაცულ ყოს თვალთაგან და ხელთაგან და გულთაგან უმეცართა, რომელთა უნებიეს შეცვლად ყოვლისა, რაჲცა იყო უწინარეს დღეთა შინა. იხილე კულტურა.
ინკოგნიტო: კაცი მადიდებელი თავისა, რომელმან დაიმონა მეცნიერნი შემდგომისა ჟამისა, რომელნი მარადჟამს ამაოდ ეძიებენ სახელსა მისსა, რამეთუ მან მოკლა თავი თვისი უკვდავებად ხელისა თვისისა.
ირონია: სიბრძნჱ სიცრუისა.
იპოთეკა: უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული, დატვირთული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
[მარჯვენა გვერდი]
ᲐᲥ ᲐᲠ ᲘᲬᲧᲔᲑᲘᲐᲜ ᲚᲔᲥᲡᲘᲙᲝᲜᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ
- კალიგრაფია: უცხოთა ენისა არს. ქართულად სახელი არა აქუს. ვიეთნიმე იტყვიან, ვიციო. ღმერთმან უწყის, რაჲ არს!
- კალიგრაფი: კაცი მელნითა მჩხაბავი აგრე, რომ თვით არა უწყის რაჲ დაუწერია. მაგრა იტყვის, ასე სჯობსო. ვიეთნიმე იტყვიან, ზოგთა დიაცთაც იკადრესო ახალსა დროში.
- კალიგრაფისტი: არსება უცხო და საკვირველი.
- კალამი: ბატონი კალიგრაფისა.
- კანონი: ესე არს სახაზავი, რომლითა კალიგრაფი გვაჩვენებს, რაოდენ მრუდე არს ხაზი მისი.
- კარტრიჯი: საპყრობილე მელნისა. სიზარმაცე კალიგრაფისა კომფორტად წოდებული.
- კოლოფონი: საბურველი ქედმაღლობისა და სამყოფელი ცრუ მოთქმისა, რამეთუ წერს: მელანმან, კალამმან, ქაღალდმანცა და ყოველთა სხვათაცა მიღალატეს მე ცოდვილსაო. და გულისხმაყოფს: აღაგეთ ძეგლი ჩემიო!
- კონტროლი: ოცნება ამაო და სასოება მირაჟისაებრ წარმავალი. იხილე კულტურა.
- კულტურა: კედელი, გინათუ ზღუდე, მოხატული ფრიად შუენიერად, რომელი იგი გვიცავს კაცთაგან ურჩთა და თავნებათა. უცხოთა ენისა არს, ქართული სახელი არა გვაქუს.
. . . . . . 👉 კოლეგაჲ ხელოვნური
მაგრამ
ქაღალდი, აკვარელი, ოქრომელანი, მუყაო, ქსოვილი. 2026. კერძო კოლექცია
ეს სათაურს ჰგავს, მაგრამ სათაური არაა.
ეს საზედაო ასოს ჰგავს, მაგრამ არაა. ნუსხურს ჰგავს, მაგრამ ნუსხური არაა. ეს წიგნი ძველს ჰგავს, მაგრამ ახალია. ძველი რომ ყოფილიყო, ასაკი დაიცავდა, მაგრამ წარსულს თავს არ შეაფარებს. ეს გვერდები წიგნიდანაა, მაგრამ წიგნი არ არსებობს. ეს გვერდი მარცხენაა, მაგრამ თუ გადაშლი, მარჯვენა გახდება. ეს წინდაადება შეცოდმით წრეია, მაგრამ ეს შეცდომა არაა. ეს გვერდი პირველია, მაგრამ წიგნის შუაგულშია. ეს მელანი შავია, მაგრამ თეთრი ქაღალდი ამკვეთრებს.
ეს სათაო ასოა, მაგრამ არაფრის სათავე არაა. ეს გვერდი პირველს აგრძელებს, მაგრამ მისი გაგრძელება არაა. ეს წიგნი სქელია, მაგრამ მხოლოდ ორი გვერდი აქვს. სივრცე ასოებს შორის ცარიელია, მაგრამ სიცარიელე არაა. ეს წიგნი უსარგებლოა, მაგრამ მნიშვნელოვანია. ეს სიტყვები აქ დარჩება, მაგრამ შენ თან წაიღებ. ხვდები, რომ ტექსტი არსად მიდის, მაგრამ მიჰყვები. უაზრობაა, მაგრამ აზრს ეძებ. ეს ტექსტი შენს გონებაში ცოცხლდება, მაგრამ ჩემია. მე დავწერე, მაგრამ სიტყვები არ მომოგონია. პირველად დავწერე, მაგრამ პირველს არ დამიწერია. პირველად კითხულობ, მაგრამ პირველი არ ხარ. გგონია, რომ ნამუშევარს შეაფასებ, მაგრამ ნამუშევარი შეგაფასებს. ეს წერტილი წინადადებას ასრულებს, მაგრამ აქ არაფერი სრულდება.
რაც უფრო შორს ხარ
ქაღალდი, ტუში. 2026. კერძო კოლექცია
რაც უფრო შორს ხარ,
მით უფრო ხედავ.
თვალსაწიერის გაფართოება დამღუპველია!
ექსპლიკაცია
ქაღალდი, ტუში. 2026
მოცემული ექსპერიმენტული ინტერვენცია წარმოადგენს ონტოლოგიურ კოლაბორაციას ვიზუალურ ნარატივსა და ფორმის აბსტრაქტულ არარსებობას შორის. ეს არის პოსტ-ინსტიტუციური რეფლექსია, სადაც არტ-ობიექტის სემიოტიკური დეკონსტრუქცია და მულტიდისციპლინური დისკურსი ქმნის მრავალშრიან დიალოგს მნახველის სუბიექტურ აღქმასა და სივრცის მეტაფიზიკურ ტრანსცენდენციას შორის. წინამდებარე ტრანსფორმაციული პარადიგმა ახდენს ტრადიციული ესთეტიკის ლიმინალურ რეკონსტრუქციას, სადაც არტ-პროცესის ფენომენოლოგია ანაცვლებს ობიექტის ფიზიკურ მოცემულობას და მნახველი გადაჰყავს სუფთა იდეის ეგზისტენციალურ განზომილებაში, რომელიც საკუთარ თავს მხოლოდ ვერბალური ილუზიის მეშვეობით აწესრიგებს.
ᲡᲐᲑᲝᲚᲝᲝ ᲬᲔᲠᲢᲘᲚᲘ ᲯᲔᲠ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ
© დავით მაისურაძე, 2026…
ფოტოგრაფი ნატალი გელენავა
