ბიოგრაფია

დავიბადე რუსთავში, სადაც 2010 წლიდან, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, კალიგრაფიის სწავლება დავიწყე და ეს საქმე მას შემდეგ არასდროს შემიწყვეტია. სწავლება მუდმივ სწავლასაც გულისხმობს: ტრადიციული კალიგრაფიის შესწავლა და კვლევა ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

კალიგრაფიის პარალელურად სამართალმცოდნის პროფესია ავირჩიე. დღეს უნივერსიტეტში სამართლის მეცნიერი და ლექტორი ვარ. ჩემთვის ეს ორი სფერო განუყოფელია: თანამედროვე მხედრული დამწერლობა ხომ სწორედ იურისტებმა და სამეფო კარის მდივანმწიგნობრებმა შექმნეს სამეფო საბუთების გადასაწერად. ამიტომ, ძველ ქართულ საბუთებს ორი კუთხით ვსწავლობ — როგორც სამართლებრივ ტექსტს და როგორც კალიგრაფიულ ხელნაწერს. ამ დაკვირვებების შედეგები წარდგენილი მაქვს ვენეციის, ტოკიოს, ჰამბურგისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებში.

ჩემთვის, როგორც კალიგრაფისთვის, უმთავრესი ამოცანა ტექსტის ინტერპრეტაციაა. სხვადასხვა ავტორის შემოქმედება განსხვავებულ გამომსახველობას ითხოვს, ამიტომ ვცდილობ, მონასმებით გადმოვცე თითოეული ტექსტის ხასიათი ან ჩემი დამოკიდებულება ტექსტთან. სიახლის ამ მუდმივი ძიების ბუნებრივი გაგრძელებაა ტიპოგრაფია და შრიფტის დიზაინიც. დღეისათვის სამასამდე ქართული შრიფტი მაქვს შექმნილი. მართალია, შუა საუკუნეების სკრიპტორიუმში მოღვაწე ბერების ლერწმის კალამი გრაფიკულმა პროგრამებმა ჩაანაცვლა, მაგრამ მიზანი უცვლელია: ვიპოვო ასოს უფრო მარტივი, უფრო ლამაზი და უფრო მოსახერხებელი მოხაზულობა.

ჩემი კალიგრაფიული ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოიფინა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, იტალიაში, გერმანიაში, ეგვიპტეში, რუმინეთში, სამხრეთ კორეასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ საგანმანათლებლო საქმეს: ოჯახთან ერთად 2011 წლიდან ვატარებთ „ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსს“. ეს პროექტი არა მხოლოდ წერის კულტურას ავითარებს, არამედ მრავალფეროვან რეგიონში ახალგაზრდებს აახლოებს და აერთიანებს. განსაკუთრებით მეამაყება 2022 წელს თანამოაზრეთა გუნდთან ერთად საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დაფუძნება. მჯერა, რომ ტრადიციებზე დაყრდნობით, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ქართული კალიგრაფიის სრულიად ახალ მომავალს ქმნის.

— დავით მაისურაძე

2026 წლიდან
სკრიპტონეტი — სადისკუსიო, მოსაზრებების გაცვლისა და ახალი იდეების გაჟღერების სივრცე, რომელიც ყოველი მეორე თვის ბოლო ოთხშაბათს კრებს კალიგრაფიის, მწერლობისა თუ დამწერლობის ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს. დავით მაისურაძე ამ პროექტის თანადამფუძნებელი და ორგანიზატორია
2025 წლიდან
Typonet — ტიპონეტი საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის პროექტია. ესაა ტიპოგრაფიის მოყვარულებისა და პროფესიონალების შეკრების ადგილი. ყოველ 2 თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს, რამდენიმე სპიკერი წარმოადგენს საკუთარ არჩეულ თემას ტიპოგრაფიის ფართო სპექტრიდან — რაც იქნება საინტერესო დისკუსიების ამოსავალი წერტილი. დავით მაისურაძე კი პროექტის თანაორგანიზატორია.
2023, 7 დეკემბერი
ქართული კალიგრაფიის ვორქშოფი ფრანკფურტის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის — ფრანკფურტის უნივერსიტეტში ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის მოწვევით ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა იურისტი და კალიგრაფი დავით მაისურაძე, რომელმაც პროფ. მანანა თანდაშვილის ინიციატივით კომპლექსური პროგრამა შესთავაზა მასპინძელ უნივერსიტეტს. ქართული ანბანით დაინტერესებული სტუდენტებისათვის მან ჩაატარა ვორქშოფი „ქართული კალიგრაფია“
2023, 6 დეკემბერი
ლექცია „ქართული კალიგრაფია, როგორც ისტორიული სამართლის ძეგლების ლეგიტიმაცია“ — ფრანკფურტის უნივერსიტეტში ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის მოწვევით ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა იურისტი და კალიგრაფი დავით მაისურაძე, რომელმაც პროფ. მანანა თანდაშვილის ინიციატივით კომპლექსური პროგრამა შესთავაზა მასპინძელ უნივერსიტეტს. ლინგვისტური კოლოქვიუმის პროგრამის ფარგლებში მან წაიკითხა ლექცია „ქართული კალიგრაფია, როგორც ისტორიული სამართლის ძეგლების ლეგიტიმაცია“.
2023, 4-8 ოქტომბერი
საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალური კავკასიოლოგია – პარადიგმების ცვლა?“ — დავით მაისურაძე მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმში „დიგიტალური კავკასიოლოგია – პარადიგმების ცვლა?“ მოხსენებით: „ქართული პალეოგრაფიული შრიფტები და მათი მნიშვნელობა სამეცნიერო კვლევისათვის“.
2023, 12-13 სექტემბერი
სამეცნიერო სემინარი „სპარსული და სპარსული გავლენის საბუთები იერუსალიმიდან (XIII-XIV საუკუნე)“ — ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერი კულტურის კვლევის ცენტრში 12-13 სექტემბერს ჩატარდა სამეცნიერო სემინარი „სპარსული და სპარსული გავლენის საბუთები იერუსალიმიდან (XIII-XIV საუკუნე)“.

გერმანიიდან და იაპონიიდან მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, ამ მრავალენოვან ისტორიულ საბუთებს იკვლევს დავით მაისურაძეც. მისი მოხსენება ეხებოდა ქართულენოვან ელემენტებს იერუსალიმში დაცული სპარსული დოკუმენტების კორპუსში. დავითი იურიდიულ საბუთებს, რომლებიც მე-14 საუკუნის საკმაოდ რთულად კითხვადი ხელწერითაა ნაწერი, ორი პერსპექტივიდან იკვლევს: როგორც კალიგრაფი და როგორც იურისტი.
2023, 9 მარტი
ITB Berlin 2023 — საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მე და გიორგი გორგიაშვილი დამთვალიერებლებს ვაცნობდით ქართული კალიგრაფიის ხელოვნებას.
2022, 22-23
Dubai Expo 2020 — ქართველმა კალიგრაფები დამთვალიერებლებს ვაცნობდით ქართული კალიგრაფიის ხელოვნებას.
2011 წლიდან ყოველწლიურად
ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი — ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი 2011 წელს დავაფუძნეთ და ყოველწლიურად ვატარებთ მე და ჩემი ოჯახი (ნუგზარ მაისურაძე, თეონა მაისურაძე, ლელა შიუკაშვილი). კონკურსის მიზანია კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა, ქართული კალიგრაფიის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება, ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა, აგრეთვე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
2020-2021 წლები
გაკვეთილები საზღვრების გარეშე — ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით ჩატარდა ონლაინგაკვეთილების ციკლი, რომელშიც ერთვებოდნენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეები.
2021
ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი — 2021 წელს ხუთმა კალიგრაფმა, გიორგი სისაურმა, ანი გოქაძემ, ნინი იკაშვილმა, ლევან ცხვირავაშვილმა და მე გადავწერეთ ვეფხისტყაოსანი. ხელნაწერი გადაეცა გაეროს არტ-კოლექციას და ნიუ-იორკშია დაცული.
2018, 11-14 ოქტომბერი
Frankfurt Buchmesse — ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარვადგინე ქართული კალიგრაფიის ხელოვნება. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, ჩემი დახმარებით თავად მოესინჯათ ქართული დამწერლობა და შეექმნათ მცირე კალიგრაფიული ნამუშევრები.
2014-2019 წლები
საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა „ქართული ხელნაწერი“ — 2014-დან 2019 წლის ჩათვლით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ ფარგლებში ვატარებდი ქართული კალიგრაფიის ვორქშოპს.
2014 წლიდან დღემდე
საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები — პროექტი „საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები“ 2014 წელს დაიწყო კალიგრაფ ნიაზ დიასამიძის ინიციატივით. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალის საფუძველზე შევქმენი შრიფტები არაერთი ცნობილი ქართველი მოღვაწის ხელწერის მიხედვით. პროექტში სხვადასხვა დროს ჩართულები იყვნენ ასევე ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურო, ჯეპრა და ლიტერატურის მუზეუმი.
2019 წლიდან დღემდე
ხელნაწერი შრიფტების გალერეა — „ხელნაწერი შრიფტების გალერეა“ ჯეპრას სპეციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი საზოგადო მოღვაწეთა შრიფტების გაციფრულებას, რაც ხელს შეუწყობს ქართული დამწერლობის განვითარებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქართული კულტურის თუ მისი წარმომადგენლების შესახებ ცნობადობის გაზრდას. ამ პროექტის ფარგლებში შევქმენი არაერთი შრიფტი, მათ შორის ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ისტორიული ხელნაწერების საფუძველზე.
2022 წლიდან დღემდე
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის სკოლა — საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის სკოლაში დავით მაისურაძე უძღვება არაერთ სხვადასხვა კურსს, მათ შორის საავტორო კურსებს ქართულ კალიგრაფიასა და ლათინურ კალიგრაფიაში. პროფესიონალური კურსების გარდა, მოქმედებს ჯგუფები ბავშვებისთვის და ასევე ექსპრესკურსები: ძველი ქართული კალიგრაფიის, ლურსმული კალიგრაფიის, გოტიკური კალიგრაფიის და ა.შ.
2026, მაისი
კალიგრაფიის სწავლების კვალი შუა საუკუნეების საქართველოში — საგანმანათლებლო კონფერენცია. დავით მაისურაძე წარსდგა მოხსენებით, სადაც განხილული იყო ისტორიული წყაროები და სწავლების მეთოდოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში.
2026, ივნისი
კალიგრაფიის ექსპრეს-კურსი და პრაქტიკული ვორქშოპი — საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა პრაქტიკული ვორქშოპების სერია. მონაწილეები გაეცნენ ქართული დამწერლობის სამივე სახეობას და პრაქტიკულად შეასრულეს სავარჯიშოები.
2026, სექტემბერი
განსხვავებული ხაზები, საერთო გრძნობა — საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ჯგუფური გამოფენა. დავით მაისურაძეს წარმოდგენილი ჰქონდა სერია „საზედაო წერტილი“.
2025, სექტემბერი
15th world Seoyea Jeonbuk Calligraphy — მსოფლიო კალიგრაფიის მე-15 ბიენალე სამხრეთ კორეაში, ქალაქ ჯონჯუში მოეწყო. ბიენალეზე პირველად იყო წარმოდგენილი ქართული კალიგრაფია, კერძოდ დავით მაისურაძის ნამუშევარი.
2024
ქართული კალიგრაფიის გამოფენა და ვორქშოპი ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტში — გამოიფინა დავით მაისურაძისა და თეონა მაისურაძის ნამუშევრები. ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის დაინტერესებულმა სტუდენტებმა და პროფესორებმა. ორგანიზატორი: ლაურა მაფიზოლი.
2023, 16 დეკემბერი
სემიოტიკის მე-13 სამეცნიერო კონფერენცია — სემიოტიკის მე-13 სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობდა კალიგრაფი დავით მაისურაძე გამოფენითა და მოხსენებით: „კალიგრაფიის ხელოვნება თანამედროვეობაში: ფორმა, შინაარსი, ინტერპრეტაცია“ წარსდგა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დავით მაისურაძის ხელით შესრულებული ნამუშევარი დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“.
2023, 7 დეკემბერი
DIE GEORGISCHEN SCHRIFTEN – ZWISCHEN FUNKTION UND FASZINATION ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის მოწვევით დავით მაისურაძემ ფართო საზოგადოებას უნიკალური პერფორმანსი შესთავაზა: ფრანკფურტის უნივერსიტეტში გამოიფინა მისი ნამუშევრები; ამასთანავე, ქართველმა კალიგრაფმა თვითმხილველთა თვალწინ შუბერტის მუსიკის ფონზე გადაწერა გოეთეს ლექსების ქართული თარგმანები.

გამოფენა და პერფორმანსი პროფ. მანანა თანდაშვილის ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა.
2023, 3 დეკემბერი
„ქართული ანბანი, კალიგრაფია და ისტორიული წარწერები“ მილანში, გალერეაში Arcadia Art Gallery გამოიფინა ხუთი კალიგრაფის ნამუშევრები: გიორგი სისაურის, დავით მაისურაძის, თეონა მაისურაძის, ანა გოქაძის, ნინი იკაშვილის.

გამოფენის კურატორი გიორგი სისაური იყო. ორგანიზატორები: ასოციაცია Milanium M&T და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია.
2023, 27 სექტემბერი
27 სექტემბერს, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის ორგანიზებითა და Factory Tbilisi -ს მხარდაჭერით გაიმართა კალიგრაფიული პერფორმანსი – „აფხაზეთი – კალმით გაცხადებული სიმართლე“

20-მდე კალიგრაფმა, მათ შორის დავით მაისურაძემ, საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნა აფხაზეთის 100-მდე ტოპონიმის კალიგრაფიული ვერსია: ქალაქები, სოფლები თუ დაბები, რომლებიც თითქმის აღარ ახსოვს ჩვენ ყოველდღიურობას და კალიგრაფის კალმით შეგვახსენებენ თავს…

ორ კომპონენტიანი პროექტის მთავარი გზავნილი იყო – „ჰარა ჰაიბარხჷნჰჿუეიტ“ (აფხაზურად), „ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს“ – ფრაზა რომელიც კალიგრაფმა, დავით მაისურაძემ პერფორმანსის დროს კალიგრაფიულად დაწერა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსული სტუმრები თავად გახდნენ პერფორმანსის მონაწილეები და მთავარ გზავნილს შეურთდნენ!
2023, 11-12 მაისი
Beyond Visualising Language — „ენის ვიზუალიზაციის მიღმა“ – ამ სახელწოდებით ჰამბურგში, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გალერეა დაიხტორჰალენში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა. ორგანიზატორი ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერი კულტურის კვლევის ცენტრია. ვისაუბრე ქართული დამწერლობის მრავალფეროვნებაზე და მრავალსაუკუნოვან კალიგრაფიულ ტრადიციაზე. ადგილზე შევასრულე კალიგრაფიული ნამუშრვარი: გოეთეს ლექსის „Erlkönig“ ქართული თარგმანი, რასაც ფონად გასდევდა შუბერტის მუსიკა ამავე ლექსის მოტივებზე. ამ მხატვრული წარმოდგენის მიზანი იყო იმის გარკვევა, შესაძლებელია თუ არა დამთვალიერებლისთვის უცნობი და ნაკლებად კითხვადი დამწერლობით შესრულებული ნამუშევრიდან სიტყვებს მიღმა არსებული გრძნობის ამოკითხვა.
2023, 6 აპრილი
ქართული ენის დღეები კავკასიის უნივერსიტეტში — საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის და კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორობით მოეწყო დავით მაისურაძისა და გიორგი სისაურის კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი.
2022, 10-11 დეკემბერი
„თბილისი – 900“ — პირველი საერთაშორისო კალიგრაფიული გამოფენა-გაყიდვა „თბილისი საქართველოს დედაქალაქი – 900“. გამოფენა მიეძღვნა დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის დაბრუნების და დედაქალაქად ქცევის 900 წლის იუბილეს. კალიგრაფები თბილისიდან, ბერლინიდან, სტამბოლიდან, კიევიდან და ერევნიდან გაერთიანდნენ გამოფენისთვის. წარმოდგენილი იყო ჩემი 7 ნამუშევარი.
2023 წლის 15 სექტემბრიდან
მუდმივმოქმედი გამოფენა საქართველოს პარლამენტში — საგანგებოდ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი ექსპოზიციისათვის ძველი ქართული ხელნაწერის ათი მულაჟი კალიგრაფმა დავით მაისურაძემ შექმნა. მულაჟები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით დამზადდა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული ყველა ამ ხელნაწერის დედანი. მულაჟები ტყავის ყდით შემოსა რესტავრატორმა ინგა ბასილაძემ.
2022, 10 ივნისი
„თერძი“ – 10 ივნისს „ელიას მოსილის სამკერვალო სახლში” გაიხსნა გამოფენა „თერძი“, კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. გიორგი სისაურმა, დავით მაისურაძემ და ანა გოქაძემ საგანგებოდ ამ პროექტისთვის შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევრები, რომელთა შინაარსიც დაკავშირებულია სამოსთან.
2022, 30 აპრილი
კალიგრაფები უკრაინისთვის – საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო ომით დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჩემი 7 ნამუშევარი. გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა საქველმოქმედო ფონდში.
2020, 29 თებერვალი
რუსთაველი კალიგრაფების გამოფენა —2020 წლის 29 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსთაველ კალიგრაფთა გამოფენა გაიხსნა. ეს იყო გაერთიანება „რუსთაველი კალიგრაფების“ დაფუძნების დღეც.

მადლობა ჩვენს მეგობარ გიორგი ჩუბინიძეს!
2016, 15 იანვარი
გამოფენა კიოლნის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში — გერ­მა­ნი­ა­ში, კი­ოლ­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ტი­ნე­ბა „აისის“ და მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ნი­ნო ბურ­დი­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქარ­თ­ველ კა­ლიგ­რაფ­თა გა­მო­ფე­ნა გა­იხ­ს­ნა. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის, უფ­რო ზუს­ტად კი რუს­თა­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის — და­ვით მა­ი­სუ­რა­ძის, გი­ორ­გი გორ­გი­აშ­ვი­ლის, ნი­კა ღუ­ნაშ­ვი­ლის, ვა­ჟა ერე­მე­იშ­ვი­ლის ხელ­ნაწე­რე­ბი.
2015, 25 ნოემბერი
„გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხა­ზე­ბი — სა­ერ­თო გრძნო­ბა“ — 2015 წლის 25 ნო­ემ­ბერს, კა­ი­რო­ში, ძვე­ლი ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­ში, „ბე­ით ეს-სუ­ჰა­ი­მის“ კულ­ტუ­რულ ცენ­ტ­რ­ში მოეწყო ქართველ და ეგვიპტელ კალიგრაფთა ერთობლივი გამოფენა. სულ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 15 ეგ­ვიპ­ტე­ლი­სა და 17 ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფის ნამუშევრები; მათ შო­რის ჩემი 5 ნა­მუ­შევარი.
2020
United by Calligraphy — რუმინულმა ასოციაციამ „თავისუფლება განათლების, კულტურისა და სპორტისათვის“ (Asociatia Liber la Educatie, Cultura si Sport) იზოლაციისა და შეზღუდვების პირობებში მსოფლიოს კალიგრაფები გააერთიანა და ვირტუალური გამოფენა მოაწყო! გამოფენაის მთავარი თემა ერთობა და სოლიდარობაა. საქართველოდან ორი კალიგრაფი, ჩემი მეგობარი თეონა მაისურაძე და მე ვმონაწილეობთ.