დავით მაისურაძე, კალიგრაფი

კალიგრაფი, ტიპოგრაფი, მასწავლებელი, იურისტი
კალიგრაფიის კურსები
საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენები
ხელით წერა, ტექსტის ინტერპრეტაცია
ვორქშოფები, მასტერკლასები, ლექციები, კონფერენციები, კონკურსები
ქართული კალიგრაფიული შრიფტები და არამარტო

ჩემი კალიგრაფიული შემოქმედება სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ხელით წერა, კალიგრაფიის სწავლება და ტიპოგრაფია.

ხელით წერა – ტექსტის ინტერპრეტაცია

შეიძლება, ერთნაირი გამომსახველობით გადაიწეროს რუსთაველის სიბრძნე და ბიბლიური ჭეშმარიტება, ილიას პუბლიცისტიკა, გალაკტიონისა და ბარათაშვილის პოეზია? ყველა ტექსტი განსხვავებულ გრძნობებს აღძრავს მკითხველში. ჩემი, როგორც კალიგრაფის, ამოცანა კი არის ამ გრძნობების მონასმებში გამოხატვა და ტექსტის ინტერპრეტაცია კალიგრაფიით. ყოველი ტექსტის განსხვავებული გრძნობით გადმოცემა სიახლის მუდმივ ძიებას ითხოვს, რაც ყველაზე ტრადიციული მახასიათებელია ქართული კალიგრაფიისა.

კალიგრაფიის სწავლება

კალიგრაფიის სწავლებას ქალაქ რუსთავში 2010 წლიდან ვხელმძღვანელობ. 2022 წლიდან კი თბილისშიც ვატარებ საავტორო კურსს საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის სკოლაში. მაქვს სპეციალური კურსები ტიპოგრაფებისთვის, გრაფიკოსი დიზაინერებისთვის, ბავშვებისთვის, ზრდასრულებისთვის, ქართული კალიგრაფიით დაინტერესებული უცხოელებისთვის.

კალიგრაფიის სწავლებაც შემოქმედებითი პროცესია, რაც გულისხმობს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, დაინტერესებას და მათი უნარების განვითარებას. ამ მიზნით ჩემს ოჯახთან ერთად ვსაქმიანობ. 2011 წელს დავაარსეთ ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე ზრდასრული პირებისთვის. ქვემო ქართლის ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან საზოგადოებაში ჩვენს კონკურსს, შემეცნებითის გარდა, ახალგაზრდების დამეგობრებისა და დაახლოების მიზანიც აქვს. რუსთაველი და ქვემო ქართლელი კალიგრაფებისთვის ვაწყობთ პერიოდულ გამოფენებს.

ტიპოგრაფია

ხელოვნების საჭიროებაზე საუბარი ზედმეტია: ხელოვნება სულიერი მოთხოვნილებაა და ის ყოველთვის საჭიროა ადამიანისათვის. მაგრამ თუ მაინც ვინმე გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ ხელოვნების ღირებულებას არა მისი სულიერი, არამედ პრაქტიკული სარგებლიანობა განსაზღვრავს, მასაც თამამად შეგვიძლია ვუთხრათ, რომ კალიგრაფია ყველაზე საჭირო ხელოვნებაა.

თანამედროვე შრიფტის დიზაინერები ისევე არიან კალიგრაფები, როგორიც ათი საუკუნის წინ სკრიპტორიუმში მოღვაწე ბერები. ორივე მუდმივად ასოთა ახალ, უფრო მარტივ, უფრო ლამაზ, უფრო მოსახერხებელ მოხაზულობებს ეძებს და ქმნის. მხოლოდ ხელსაწყოები შეიცვალა: ლერწმის კალამი გრაფიკულმა პროგრამებმა ჩაანაცვლა.

ასე რომ, კალიგრაფია ყველაზე საჭირო ხელოვნებაა. თუ ეს შეფასება გადამეტებული გეჩვენებათ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თქვენს კომპიუტერში არცერთი შრიფტი რომ არ გქონდეთ და მიხვდებით, რომ არც ისე სუბიექტური ვარ.